დაჩქარებული სიბერის ფენომენზე პირველად 100 წლის წინ ალაპარაკდნენ. ჩვეულებრივი დაბერების ტემპი საყოველთაოა (ცხადია, უმნიშვნელო განსხვავებებით). დაბერების დაჩქარება შეუძლია ცხოვრების წესს, საცხოვრებელ პირობებს, მძიმე სამუშაოს... ჩვეულებრივი სიბერე და პროგერია იშვიათად თანხვდება ერთმანეთს. ტერმინი "პროგერია" მოიცავს რამდენიმე სინდრომს, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებს: ადამიანი განსაზღვრულ ასაკში მოულოდნელად სწრაფად (ნორმალურზე ათჯერ მეტი ტემპით) იწყებს დაბერებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეტად იშვიათი დაავადებაა, ყველაზე მეტი ახალგაზრდა მოხუცი იაპონიაში ცხოვრობს და როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ამის მიზეზი ახლონათესაური (ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილებს შორის) ქორწინებაა.
ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა მეცნიერთა ვარაუდი დაადასტურა - დამტკიცდა, რომ პროგერია გენებთან არის დაკავშირებული. რომელიმე გენის მუტაციას შეუძლია არიოს ბიოლოგიური საათი და 50-100-ჯერ უფრო სწრაფად აიძულოს სვლა. როდესაც მეცნიერებმა ამ კანონზომიერებას მიაგნეს, თავდაპირველად ძალიან გაუხარდათ - იფიქრეს, ხანგრძლივი სიცოცხლის გენი აღმოვაჩინეთო. ლოგიკა ასეთია: თუ გვეცოდინება გენი, რომელიც სწრაფ დაბერებას იწვევს, "დავამუხრუჭებთ" მას და სიცოცხლეც გახანგრძლივდება. თუმცა ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდა...
არსებობს პროგერიის ორი ძირითადი ფორმა: ჰატჩინსონ-გილფორდის სინდრომი (ბავშვების პროგერია) და ვერნერის სინდრომი (მოზრდილთა პროგერია). ორივე ბუნებრივი დაბერების დაჩქარებული განვითარებით ვლინდება. პირველ შემთხვევაში ეს პროცესი ბავშვის დაბადებისთანავე იწყება და ადამიანი ძალიან იშვიათად აღწევს 20 წლის ასაკს, მეორე შემთხვევაში კი სქესობრივი მომწიფების პერიოდში და ადამიანმა შესაძლოა 30-40 წელს მიაღწიოს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ორივე შემთხვევაში სიკვდილი დგება ღრმა მოხუცებულობისთვის დამახასიათებელი ფუნქციების ჩაქრობით, გულის უკმარისობის, კიბოს, ტვინის ფუნქციების დარღვევის გამო და სხვა.
პროგერიით შეპყრობილი ბავშვები დაბადებიდან 6-12 თვის განმავლობაში აბსოლუტურად ნორმალურად ვითარდებიან, მაგრამ შემდეგ თავს იჩენს სიბერისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: კანის დანაოჭება, გამელოტება, ძვლების სიმყიფე და ათეროსკლეროზი, რასაც, როგორც წესი, სიკვდილი მოსდევს. ეს უმეტესად ხუთიდან ცამეტ წლამდე ასაკში ხდება...
დაბერება იმდენად ჩქარდება, რომ რვა წლის ბავშვი გარეგნულად 80 წლის მოხუცს ემსგავსება გამელოტებული თავით, დანაოჭებული კანით, უვითარდება მოხუცებულობითი გლაუკომა ან კატარაქტა, სიცოცხლის მანძილზე გადააქვს რამდენიმე გულის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი, სცვივა კბილები... უცნაურია ისიც, რომ პროგერიით დაავადებული ადამიანები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
12 წლის სეტ კუკი ოთხმოცი წლის ადამიანივით გამოიყურება. არ აქვს თმა, სამაგიეროდ, აწუხებს რიგი დაავადება, რომლებითაც, წესისამებრ, მოხუცები იტანჯებიან, ამიტომ ბიჭუნა ყოველდღე იღებს ასპირინსა და სისხლის გამათხელებელ სხვა პრეპარატებს. ერთ მეტრზე ოდნავ მეტი სიმაღლის მოზარდი დაახლოებით 12 კილოგრამს იწონის.
წყარო:http://mkurnali.ambebi.ge/skhvadaskhva/genetika/428-2009-01-20-09-15-41.html
No comments:
Post a Comment